მე-ნარკომანი

Стандартный

Psychedelic_man ჩემს წინ, ძველ, ნაჭერგადაფლეთილ სკამზე სევდაშეყრილი, შებოჭილი, შეშლილ სახეზე თვალებგაფართოებული, ლამის კრუნჩხვებში ჩავარდნილი ახალგაზრდა იჯდა. თვალებში დიდი ღელვა ჰქონდა და ამ ღელვაში თვალებიც უღელავდნენ, ისინი საკუთარ ბუდეში  მკვეთრად მოძრაობდნენ მარჯვნივ, მარცხნივ, ისევ მარჯვნივ, ისევ მარცხნივ. ეს მოძრაობა ისე სწრაფად ხდებოდა, კანკალის სახე მიეღო. თვალების კანკალის.
მე თვითონ მოვიწვიე ეს ახალგაზრდა.
ერთ დროს მეც მასავით ვიჯექი სკამზე, თუმცა მაშინ არავინ მეჯდა ჩემს წინ ვინც ერთ დროს ჩემნაირი იყო.
ჩემი მშვიდი ჯდომა აწუხებს მგონი, მის შუბლზე ტანჯვას ვხედავ, და ვიწყებ მარცხენა ფეხზე გადადებული მარჯვენა ფეხის წინ და უკან ქნევას. შუბლი ოდნავ ეხსნება.
— ჩაი? -ვეკითხები სტუმარს.
ის იღებს ჭიქას და წრუპვას იწყებს. ძალიან ნელა სვამს. არც ის ამბობს რამეს, არც მე. მხოლოდ წრუპვის ხმა ისმის შიგადაშიგ ჩამობნელებულ ოთახში. მოულოდნელად და ჩემდაგასაოცრად თვითონ იწყებს:
-ყოველთვის ნარკომანი არ ვყოფილვარ. დაბადებიდან მოყოლებული პატარ-პატარა დოზებით ვიკვალავდი გზას ნარკომანიისკენ. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სერიოზულ დამოკიდებულებაში გადამეზრდებოდა და ყოველთვოს ვიცოდი, რომ ნარკომანი გავხდებოდი. მაშინ არ ვიცოდი, ნარკომნად რომ დავიბადე.
პატარ-პატარა დოზებს, რომლებსაც ყველა ჩვენგანი ჩვეულებრივ იღებს, როგორც ჭიქა ჩაის საუზმეზე, მე მეტის სურვილს მიჩენდა. თავიდან სურვილი ასეთი არ იყო და მე ამ მდგომარეობაში არ ვიყავი. მისტერ ვოტსონ, ხვდებით რას ვამბობ? სურვილებიც ჯერ სულ ჩვილები იყვნენ, ისეთი ჩვილები, რომ ზოგჯერ ვერც ვხვდებოდი რომ ისინი არსებობდნენ, ზოგჯერ მე მათ ვკვლავდი კიდეც და ახლა მე ისინი თავს მახსენებენ როგორც გაზრდილი მოკლული არსებები. ის სურვილები რომლებსაც არ ვკვლავდი იზრდებოდნენ და მე ისინი კიდევ უფრო მეტად მინდოდა. ისინი ხშირად ძალიან უწყინარები იყვნენ, საზოგადოებისთვის მისაღები, თუმცა მე ისეთ ადგილას ვიზრდებოდი სადაც საკუთარი სურვილები იკრძალებოდა, სადაც ყველა სურვილი დიქტატორის სურვილს უნდა დამთხვეოდა.
როცა მოუსვენრობა შემეყრებოდა,ჩემი ახალი დოზის საძებნად გავწევდი რომ სიმშვიდე და ბედნიერება მომეპოვებინა. როგორც კი დიქტატორი გაიგებდა მე ახალი სურვილები მქონდა და მეტი მჭირდებოდა, ბრძანებას გასცემდა ბორკილები დაედოთ ჩემზე და ჩემი სურვილები ჩემგან შორს გადაეგდოთ. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი მისტერ ვოტსონ, ჩემი სურვილებიც, როგორც გითხარით, იმხელა არ იყო რომ ამ მდგომარეობაში ჩავეგდე, თანაც სიტუაციას ვხვდებოდი, ვიცოდი რომ მათი ქონა და მეტის ნდომის უფლება არ მქონდა, ვიცოდი, მათ თუ აღმოაჩენდნენ, თუ გაიგებდნენ მეტი რომ მჭირდებოდა ბორკილებს დამადებდნენ, ამიტომ ნაწილობრივ ვეგუებოდი და თან თავს ვიიმედებდი რომ ერთხელაც წავიდოდი აქედან, გავიპარებოდი და მერე მივიღებდი იმას, რისი მირებაც მინდოდა. რაღა დამრჩენოდა, ბორკილდადებული ვემხობოდი კედელთან მდგარ საწოლზე და ვტიროდი. ჩემი სურვილი ამ დროს უკვე გაგდებული იყო და თავის ახალ პატრონს ეძებდა მხატვრის სახელოსნოში.
ყოველი ბორკილი და თითოეული გაგდებული სურვილი უფრო დიდ ნარკომნად მხდიდა…
-ანუ თქვენ აკრძალვებმა და გაგდებულმა სურვილებმა გაგხადეს ნარკომანი…
-არა, არა, არა, მისტერ ვოტსონ, არ შეცდეთ თქვენს ფიქრებში, ნუ გააკეტებთ არასწორ ინტერპრეტირებას. ადამიანების სამი კატეგორია არსებობს. ისინი იბადებიან ასეთებად. პირველ კატეგორიას არაფერი არ სჭირდება, ისიც კი არ სჭირდებათ რასაც დაბადებიდან აძლევენ. მათში ნაკომანი არ არსებობს. ესეთი ადამიანები უბრალოდ არსებობენ და ალბათ ბედნიერებიც არიან. მეორე კატეგორიაში შედიან ადამიანები რომლებსაც სჭირდებათ ის რასაც აძლევენ და ზოგჯერ რაღაც სხვაც ან მეტიც, მაგრამ ისინი ამაზე ჩერდებიან. მათ არ აზიანებთ ის, თუ დიქტატორმა სურვილი გადაუგდო. მათ შეუძლიათ მის ნებას დაყვნენ და მაინც ბედნიერები და კმაყოფილები დარჩნენ იმით რასაც იღებენ. მათი მოთხოვნა არ იზრდება და თუ იზრდება, მაგრამ წაართვეს-ეგუებიან. არც ეს კატეგორია არ მიეკითვნება ნარკომნებს. ნარკომნები მესამე კატეგორიის ადამიანები არიან. მათ არასდროს არ ყოფნით ის რასაც აძლევენ, მათ ყოველთვის მეტი უნდათ. ისინი ვერ ეგუებიან იმას, რომ სურვილი გადაუგდეს, რომ მეტის მიღების უფლება არ მისცეს. მესამე კატეგორიისთვის ეს ზოგჯერ სასიკვდილოც კია. ადამიანი შეიძლება არ მოკვდეს, მაგრამ პიროვნება ავადდება ამ დროს. პიროვნების სიკვდილი ყველაზე საშიში და რთული სიკვდილია რაც კი ადამიანში არსებობს. თუ პიროვნება მოკვდა რჩება მხოლოდ ადამიანი, რომლის კანიც ორგანოებს, ჩონჩხს, კუნთებს და კიდევ რამოდენიმე სისტემას აკრავს. ხვდებით, რისი თქმა მინდა თქვენთვის? პიროვნებას თუ მოვკლავთ ადამიანში, მისგან დარჩება მექანიკური მოწყობილობა, რომელსაც რობოტებისგან განსხვავებით სასიცოცხლო პროცესები გააჩნია…
— თქვენ რა მდგომარეობაში ხართ? სად გტკივათ? როგორ არის თქვენი პიროვნება? — სწრაფად, უადგილოდ ჩავეკითხე და თვითონვე ვინანე ჩემი საქციელი.
ახალგაზრდა გაჩუმდა. თვალები ისევ ისე უკანკალებდა, შუბლზე ისევ დიდი წუხილი ეხატა, ოღონ იმიტომ არა, მე რომ მშვიდად ვიჯექი. მეც არ ვიჯექი მშვიდად, მეც ვწუხდი. ჩვენ ორივე ვწუხდით, იმიტომ რომ გვესმოდა რა მტკივნეულია პიროვნების ავად ყოფნა, ჩვენ ორივეს გვტკიოდა იმ წუთებში.
გაყუჩებულ ოთახში ისმოდა, როგორ ასხამდნენ ჭიქაში ჩაის, ისმოდა, როგორ ივსებოდა ჭიქა, ისმოდა, როგორ გაავსეს მეორეც. მერე ისევ ნელი წრუპვის ხმა.
მისთვის ძალიან რთული იყო ეს მომენტი და მეც ველოდებოდი, როდის შეძლებდა ისევ ალაპარაკებას.
— მე ძალიან ბევრი მჭირდება. ძალიან ბევრი სურვილი მაქვს. მინდა ბევრი ვნახო, ბევრი გავაკეთო, ბევრი ვიგემო, ბევრი ვცადო, ბევრი ვიმოძრაო. მინდა საზღვარს ვერ მივაღწიო ვერასდროს. მე ბევრი სივრცე მჭირდება. მე სიახლით ვიკვებები, იდეებით. ჩემს პიროვნებას ტკივა, როცა საზღვარს უხატავენ და იჭერენ მას რომ არ გადააბიჯოს, ან უბრალოდ ისევ უკან ეჭიდებიან. საზღვრები და კედლები აავადებენ ჩემს პიროვნებას ხშირად, იმიტომ რომ კედლებსა და საზღვრებს შიგნით ჩემთვის საკმარის დოზას ვერ ვპოულობ.
ბორკილებმა და გადაგდებულმა სურვილებმა იარები დაუტოვეს და მას ტკივა ისინი. გარკვეული მიზეზების გამო საზღვრები ძალიან ახლოს მოვიდნენ ჩემთან, ჩემს ირგვლივ კედლებიც შენდება და მე ჩემი ნებით ვრჩები შიგნით. ჩემი პიროვნება გრძნობს რომ კედლებში სიკვდილია მისი.
აქ შიგნით ძალიან ცოტა მზეა და ძალიან ცოტა მოძრაობა, მისტერ ვოტსონ.

ხელი-ნება

Стандартный
ხელი-ნება

პირში კაუჩუკის ბურთით, სახეზე რკინის ნიღბით,რომლსაც მხოლოდ ერთი სასუნთქი ხვრელი და თავის ზედა ნაწილში საკეტი უკეთია, ტანზე ჩამოსხმული ლითონის სამოსით. ფეხებით რკინის შავ იატაკზე მიჯაჭვული, ხელებშებოჭილი ასევე რკინის ჭერზე ჯაჭვით მიჯაჭვული ვზივარ 20-ოდე კვ.კმ შავ ოთახში, რომელიც ისეთი შავია, რომ კუთხეებსაც კი ძლივს შეამჩნევ. მხოლოდ სუნთქვა შემიძლია. ვერ ვინძრევი, არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავ.
ოთახში ის კაცი რომ შემოდის, მხოლოდ მაშინ მახსნიან რკინის ნიღაბს სახიდან. შავ ოთახში თითქმის გადაპარსულთმებიანი, შავ კოსტუმ-შარვალში, შავ პერანგში, შავ ფეხსაცმელსა და შავ ჰასტულხში გამოწზობილი, სახეზე უემოციო მამაკაცი დგას, რომელიც სიარულისას ნაბიჯებს თანაბარი დაშორებით, ერთ ტემპში დგამს. ხელში ფურცლები და უბრალო, შავი საწერკალამი უჭირავს.
განაჩენად წამება სიცოცხლის ბოლომდე გამომიტანეს.
სანამ დამიჭერდნენ, ყველაფერი სვანაირად იყო:
ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. დედაჩემი მასწავლებელი იყო სკოლაში, მამაჩემი ინჟინერი. 1 წლის რომ გავხდი, ჯერ კიდევ არ დამეწყო ლაპარაკი. ექიმებმა გვიან დაიწყებს ლაპარაკსო, უთხრეს ჩემს მშობლებს. მშობლები დამშვიდნენ. 2 წლის გავხდი და ისევ არ ვლაპარაკობდი, თუმცა ყველაფერს ვგებულობდი. მშობლები ძალიან შეწუხდნენ, ფიქრობდნენ, რამე სერიოზული დაავადება მჭირდა, თუმცა ექიმები ვერაფერს პოულობდნენ საშიშს. სურდოც კი არ მქონია არასდროს. 4 წლის ვიქნებოდი, მშობლები რომ შეეჩვივნენ იმ აზრს, რომ არ ავლაპარაკდებოდი. მათი მესმოდა და მოძრაობებითა და სურათებით მეც ვაგებინებდი სათქმელს, თუმცა მიჭირდა. 5 წლის ასაკში ბაღში შემიყვანეს. არავის უნდოდა ჩემთან ურთიერთობა. მე-ყველასთან. მოგვიანებით დედამ გადაწყვიტა, რომ როგორმე უნდა მეურთიერთობა სამყაროსთან, ადამიანებთან, ჩემი ემოციები გამომეხატა. მირჩია,დამეწერა. ჩემთვის,მარტო ვწერდი. მშველოდა. ჩემს სათქმელს უკეთ ვამბობდი. დროდადრო მაბედნიერებდა. თუმცა ფურცლებზე გადმოტანილ სიტყვებს რაღაც აკლდათ სულ. დავიწყე ხატვა. ახლა ჩემს აზრებს ორგანზომილებიანი სხეული და ფერები ჰქონდა. ხმითაც რომ აღმეჭურვა მუსიკას მივყავი ხელი. ხელოვნება მაარსებებდა. ადამიანები მოდიოდნენ ჩემთან. კითხულობდნენ ჩემს აზრებს, უყურებდნენ სამყაროს ჩემი თვალებით, ფერებით და უსმენდნენ ჩემს ხმებს.
ყველაფერი კარგად იყო. მერე მოვიდნენ ისინი. შავები. მოვიდნენ და ცხოვრება წამართვეს.
მათ აკრძალეს ფერები, ხმები, ახალი სიტყვები, აკრძალეს იდეები. იმ დღიდან ყველაფერი სხვანაირად იყო. არსებობდა მხოლოდ შავი. არსებობდა მათმიერ შექმნილი ლექსიკონები, რომელი სიტყვების გამოყენების უფლებასაც იძლეოდნენ. მუსიკა არ არსებობდა. არ არსებობდნენ მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, ფოტოგრაფები, მოქანდაკეები. არ არსებობდნენ შემქმნელები. შექმნა დანაშაულად იქცა. სკოლაში სწავლება შეიცვალა. არსებობდა და ისწავლებოდა მხოლოდ ის, რაც მათ აწყობდათ. ადამიანებს უნდა ევლოთ თანაბარ ტემპში, თანაბარი ზომის ნაბიჯებით, უნდა ჩაეცვათ ყველაფერი შავი. აიკრძალა სიცილი, ტირილი, გაოგნება, აღფრთოვანება, ვნება, სიყვარული, სიძულვილი. მოცინარი ადამიანები,ისევე როგორც მტირალები ან შეყვარებულები, იხვრიტებოდნენ, სამუდამოდ კატორღაში ან მაღაროებში სამუშაოდ იგზავნებოდნენ ან აწამებდნენ(დამოკიდებული იყო დანაშაულის სიმძიმეზე). ყველაზე მძიმედ შემქმნელები ისჯებოდნენ.
ქვეყნად ყველაფერი შავად შეიღება. შუქნიშნებზე ფერების ნაცვლად სიტყვები «შეჩერდი», «მოემზადე» და «წადი» ენთებოდა შავ ფრად.
ისინი უვარდებოდნენ ხალხს მოულოდნელად სახლებში. ჩხრეკდნენ მათ და აკვირდებოდნენ  მასპინძლების რეაქციას. თითოეული ემოცია, ნაპოვნი ფერი, მუსიკალური ინსტრუმენტი ან გადანახული ნივთი მათი დასჯის მიზეზი ხდებოდა.
სარდაფში გადავსახლდი. ჩასასვლელი ეზოში მქონდა. ვხატავდი და ვწერდი იქ. ჩუმად ვქნიდი მუსიკებს, ვქმნიდი ფერებს მცენარეებისგან, რომელთა მოპოვებაც დროდადრო სულ უფრო ჭირდა,ამიტომ თავად დავიწყე მათი გამოყვანა, თუმცა სარდაფში მზე თითქმის საერთოდ არ შემოდიოდა და მცენარეები ხშირად ვერ ხარობდნენ.
იმ დრეს მიპოვეს.
ახლა აქ ვარ და ვისჯები როგორც ხელოვანი. შავებში ჩაცმული მიყურებს. ისეთი სიჩუმეა, მგონია დავყრუვდი. მგონია, რომ მალე ვერც ვერაფერს დავინახავ ამ სიშავის გამო. მეორე მოდის. სკამზე მჭიდროდ მამაგრებს მთელი ტანით. დღესაც რაღაც სასმენ მოწყობილობას მიკეთებს ყურებზე, რომელშიც საათის ტიკტიკის ხმა ისმის. სახეს მეორე მოწყობილობაში მიდებს და შავ კადრს რთავს. რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ შემეძლო ბნელ კადრში რამე წარმომედგინა. ვხედავდი მფრინავ ფერად ბუშტუკებს, რომლებსაც თვალს ვაყოლებდი, ზოლებს ვხედავდი და თვალებს ხან ვადუნებდი, ხანაც ვძაბავდი. ახლა ვერაფერს წარმოვიდგენ. არაფერი ჩნდება. სიშავეში ვიკარგები. თვალებს ვაცეცებ,მაგრამ ვერაფერს ვხედავ. მაგიჟებს სიშავე. ვეღარ ვხვდები თვალები დახუჭული მაქვს თუ ღია. ვფორიაქდები. მთელ ტანში მოუსვენრობა მაქვს, მაგრამ ვერ ვინძრევი.ტიკტიკი ძვლებში მწვდება ნელ-ნელა. მინდა ვინმემ გამორთოს. ტიკტიკი ყურებიდან ტვინში გადადის. ვგრძნობ როგორ წვდება ტვინის თითოეულ უჯრედს, ნეირონს. მერე ტვინის უჯრედების გულისცემასაც ვგრძნობ. არ ვიცი რამდენი ხანი გრძელდება ესე. ცნობიერებას ვკარგავ. როცა ვფხიზლდები, ნიღბით სახეზე, ხელ-ფეხ შებოჭილი ვზივარ ისევ შავ ოთახში. ისევ შავებში ჩაცმული შემოდის, შემდეგ მეორეც და ისევ შავი კადრი ირთვება საათის ტიკტიკით.
წლები გავიდა, ალბათ. რამდენი,არ ვიცი. ვერ ვფიქრობ. ვერ ვხედავ. სიფხიზლეში ტიკტიკის ხმა მესმის ახლა. ძილშიც. სიჩუმეც კი ტიკტიკებს. ყველაფერი შავია. სიშავეში შემოდის შავი კაცი, შავი ტანსაცმლით და შავი ფურცლებით ხელში. მის ნაბიჯებსაც ტიკტიკის ხმა აქვს. შემოდის მეორე, მოაქვს 2 შავი მოწყობილობა. სხეული მჭიდროდაა. მალე არც ტიკტიკი მესმის, არც სიშავეს ვხედავ. მალე აღარ ვარ.

აღარ ვარ ჩემს სხეულში. თვალებს ვახელ. ფერების სითხეში ვტივტივებ. სითხე დაგუბებულია, თუმცა ფერები მოძრაობს. ფერები ერევა ერთმანეთში,ახალი ფერები იქმნება. ყოველი მათი მოძრაობა ხმას გამოსცემს, ფორმებს ქმნის. არც ერთი ხმა და ფორმა არ გავს ერთმანეთს. ვეხები ფორმებს და სხვა ფორმებად ვფანტავ, ხმებად ვფანტავ ჩემს ირგვლივ. სხეული აღარ მაქვს მჭიდროდ. შემიძლია კიდურები ვამოძრაო, მოვიკუნტო ან გავიშალო, შემიძლია გავცურო ფერებში. ბედნიერება მავსებს. სიმღერა მინდება. ხატვა მინდება. შექმნა მინდება. აქ ყველაფერი მაქვს რაც წამართვეს. აქ ჩემი ცხოვრება მაქვს. შავიც მაქვს, თეთრიც, წითელიც და მოცისფრო ნარინჯისფერიც. აქ ხმებიც მაქვს. ტიკტიკის ხმაც მაქვს და მორაკრაკე შრიალისაც. შემიძლია სიტყვები ვხატო, შემიძლია ვწერო, შემიძლია გამოვიგონო, შემიძლია სიტყვა «წკრილფერნარიანი» გამოვიგონო, შემიძლია ნივთები შევქმნა, შემიძლია არსებები გამოვადინო, რომელთაც ადამიანის სახე, თვალები-მზეები, თმები-ფესვები და კაბა-ჩანჩქერები ეცმევათ, შემიძლია მათაც გარდაქმნა და შექმნა ვასწავლო.
მხოლოდ მთლიანად შავებს არ შევქმნი არასდროს. არ მინდა, აქაც წამართვან ცხოვრება. არ მინდა ვინმეს წაართვან ცხოვრება, ვინმეს შექმნა აუკრძალონ. არ მინდა ცხოვრება შავად გადაღებონ და სიტყვა «წვრილფერნარიანი» გააუქმონ, სიხარული და ცრემლები აკრძალონ. შევქმნი შავებს და ზოგს ნარითელფერ გულს ჩავუდებ და ღამის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის სამოსს ჩავაცმევ, ზოგსაც მწიფეატმისრბილობისფერ ხავსის თმებს გავუკეთებ და გედის აბრეშუმის ფრთებს ვაჩუქებ. ზოგს ფუნჯებს მივართმევ, ზოგსაც ვიოლინოს ხამის გარეშე, წარმოსახვის უნარით რომ დაუკრან. ისინი იბედნიერებენ, შეუყვარდებათ, იცინებენ, აივსებიან და იცეკვებენ, ზოგჯერ დასევდინდებიან, გაბრაზდებიან, იმედები გაუცრუვდებათ, შემდეგ ფერებს დაინახავენ, ხმებს გაიგონებენ და ან ახალი ან უკვე გამოგონილი სიტყვებით დაწერენ თავის სევდას, ტკივილს, სიხარულს, ფერებად აქცევენ ან ამოიმღერებენ. შემდეგ, როცა მიხვდებიან შექმნა, ხელოვნება, სიმღერა-ცეკვა და სიტყვა-ფერადობა რომ კურნავთ, მოვლენ და მადლობას მეტყვიან. ან არ მოვლენ, მაგრამ იბედნიერებენ. მიხვდებიან, რომ უნდათ სიტყვები ადინონ, ხმები აფრინონ, ფანტონ, ფერები შეურიონ და ფორმები ძერწონ, წამები დაიჭირონ. მიხვდებიან, რომ უნდათ ეს ყველაფერი. რომ უნდათ სივრცე ამოძრაონ, არ დააგუბონ, არ გააშავონ. სიცოცხლე აარსებონ, მოძრაობა აარსებონ, შექმნა აარსებონ. მიხვდებიან, რომ ხელისა- და იდეის ნება აარსებებს სიცოცხლეს და მოძრაობას. მიხვდებიან, და იქნებიან ხელისა და იდეების ნებაში. შექმნისა და მოძრაობის ძიებაში.
იქნებ შავები უბრალოდ სიშავეში ჩაიძირნენ და ახლოს არც ერთი ხმა, ფერი, მოძრაობა, არც ერთი სიტყვა არ იყო მაშინ, შავებად რომ იქცნენ? იქნებ იმ შავმა კაცმა დაივიწყა, როგორ უნდა ემოძრავა ფერები და გაბოროტებულმა ყველა ფერი ერთად შთანთქა? იქნებ მათი ბრალი არ არის, იქნებ უბრალოდ არავინ უთხრათ, რომ მოძრაობაშია ბედნიერება და სიცოცხლე? იქნებ სიშავემ შთანთქა ისინი და სულაც არ ყოფილან თავიდანვე შავები?
შემეცოდნენ.
შემეცოდნენ, რადგან ალბათ არ იცოდნენ, არ შეეძლოთ ეცოცხლათ. ისინი არსებობდნენ შთანთქვით და არა მოძრაობით, ისინი უბრალოდ იღებდნენ და აგუბებდნენ, ატბორებდნენ. უმოძრაობა თავიდან სევდაა, ტკივილია, შემდეგ უაზრობა და ბოლოს არაფერი. ისეთივე არაფერი,როგორც მათი სახეები.
როცა ფერებში, ფორმებში, ხმებში და წამებში ხარ, ბედნიერი ხარ. მეც ბედნიერი ვარ. ეს ბედნიერება ისე მავსებს მე და ამ სითხეს, მინდა სევდები გავაფერადო. მინდა შავებს ჯერ უაზრობის აზრი, შემდეგ სევდა და ტკივილი, ბოლოს კი იდეა მივცე რომ ხელი და ნება შექმნან.

შავი ქვეყანა შავმა ღამემ დაფარა. შავები და შავებში ჩაცმული მოსახლეობა შავ ღამეებს შავ სახლებში ატარებდნენ. ეძინათ. ზოგი შავ,ზოგიც ფერად, მოძრავ,მომღერალ სიზმრებს ხედავდა. სიშავე მათ სიზმრებს შთანთქავდა, ფერებს პარავდა, ხმებს პარავდა, აქვავებდა. შავი ქვეყანა შავმა ღამემ რომ დაფარა, შავ ცაზე ფერგადასული ვარსკვლავები ჭერმისფრად შევაფერადე, მტვრისფერ მთვარეს არსევდიანი ღრუბლების სიფრიფანა ფატა გადავაფარე და ოქროს ვიწრო მაქმანი შემოვახვიე მოყვითალო თეთრი ფერი რომ დასდებოდა. განთიადს ჟოლოსა და მოცვის წვენი შევასხურე ფრთხილად: ჟოლოს წვენი-კიდეებზე, მოცვის-ჰაერში. შავმა ქუჩებმა შავ ღამეში მთვარის მოყვითალო თეთრ მზერას ვერ გაუძლეს და მოყვითალო თეთრი ლაქები დაიდეს. მზემ როცა ამოსვლა დაიწყო, სივრცე შეიკუმშა და ჟოლოს წვენი კიდეებიდან გადმოიღვარა. მზის ამოსვლასთან ერთად შავები და შავებში ჩაცმულები გამოვიდნენ უკვე მოყვითალო თეთრლაქებიან ქუჩებში. მათ ცვლილებები იგრძნეს, მოძრაობა იგრძნეს და შეეშინდათ, თუმცა არ შეიტყვეს. ისინი აგრძელებდნენ თანაბარი ტემპით, თანაბარი ზომის ნაბიჯებით სიარულს არაფრისმთქმელი სახეებით. მათ იგრძნეს, როგორ იღვრებოდა ჟოლოს წვენი, როგორ იფანტებოდა ქუჩებში მოცვისფერი ჰაერი, დაინახეს თეთრფატიანი, ყვითელმაქმანიანი მთვარე და მოყვითალო თეთრი ლაქები სიშავეში. შავებს ნელ-ნელა შეშფოთება შეეპარათ, ბრაზმა შეიპყრო. დაიწყეს ჟოლოსა- და მოცვისფერის შთანთქმა. არ მინდოდა შავს ფერები შთაენთქა. მივედი ერთთან და რძისფერი მოსასხამი შემოვაფარე, მისი სიშავე რომ დამეწყნარებინა. ფორმებად განაცრისფრებულმა შავმა ჟოლოს წვენი ვეღარ შთანთქა, შემოესხა, მოცვის მსუბუქი ფენაც აიკრა და ფორმებად გაიასამნისფრდა. სხვა შავები და შავებში ჩაცმულებიც ვეღარ შთანთქავდნენ ფერებს. მზის ამოსვლასთან ერთად ყვითელი, წითელი და ლურჯი ფერები ედებოდათ ფორმებად. სტკიოდათ შავებს ფერადი ფორმები ტანზე. ცდილობდნენ ხელებით მოეშორებინათ, მაგრამ ფორმები სხვა ფორმებად ეფანტებოდათ. ყველას ფერები ემატებოდათ მზისგან და განთიადისგან. შავებს ტანჯვა დაეტყოთ სახეზე. სიშავე ვეღარ შავობდა და ტანი ფერად ფორმებად სტკიოდათ. მათი თანაბარტემპიანი მოძრაობები ქაოსურ მოძრაობებად იქცა. სიშავე ირღვეოდა და ვეღარ იცავდა შავებს ტანჯვისგან. მე სულაც არ მინდოდა მათ ეტანჯათ, არც ტკივილის მიყენება მინდოდა. მინდოდა, დაენახათ, რომ ფერებში, ხმებში, მოძრაობებში მათ ბედნიერად შეეძლოთ ეგრძნოთ თავი, თუმცა შავები ზედმეტად ღრმად იყვნენ სიშავეში ჩაძირულები და ვიცოდი, ახლა მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დახმარება. სიშავე შემოცვეთილ-შემორღვეულ შავებს სევდიანი ღრუბლები გადავასხი. სიშავე შემოცვეთილ-შემორღვეულ შავებს შესცივდათ. ქაოსური მოძრაობები კანკალში გადაუვიდათ. ფორმებადგაიასამნისფრებულმა შავმა ვერ გაუძლო სიცივეს, გაიხადა სიშავე, მზე მოიფარა ტანზე და შვიდფრად იქცა. შვიდფრადქცეულმა შეწყვიტა კანკალი და მსუბუქი, საამური შეგრძნება შეუსახლდა სხეულში. სახე აღარ ჰქონდა არაფრისმთქმელი. თვალებისა და ტუჩების კუთხეებიდან ღიმილები უცახცახებდნენ, თვალებში პატარა თეთრი მბზინავი ქულები ჩასახლებოდნენ. მთელი ქვეყანა უყურებდა შვიდფრადქცეულს. შავებს სტკიოდათ, ძალიან სტკიოდათ, იტანჯებოდნენ. იდეის ხმამ გაიშრიალა მოცვიან ჰაერში. შავებმა ჰაერში მისი ძებნა დაიწყეს. იდეა შვიდფერს გავდა: ბრჭყვიალა ქულა თვალები ჰქონდა, სიცილის წკრიალა ხმას გამოსცემდა ფრთების ნარნარისას და კუდის ფრიალისას ეიფორიის სუნს ფანტავდა ჰაერში. შავებს მოუნდათ მისი ქონა. იდეაში ტკივილის, ტანჯვის არქონას გრძნობდნენ. შავები ღრმა სიშავიდან ხელების სწრაფი ქნევით ცდილობდნენ ამოცურვას. სიშავე ძალიან ღრმა იყო და შავებს ძალიან უჭირდათ ზედაპირზე ამოსვლა. მზემ როცა ცის შუაში ტახტზე დაიდო ბინა, მისი სხივები ჩაწვდა სივრცის არქონისგან შეკუმშულ და ადიდებულ სიშავეს. შავები ერთმანეთის მიყოლებით მოეჭიდნენ მის სხივებს, ზედაპირზე ამოვიდნენ და მიწვდნენ იდეას ჰაერში. შავები აღარ იყვნენ შავები. მათ სახეებზე მომღიმარი, ადიდებული საფირის ზღვის თვალების კუთხეებში ცვრის წვეთები თამაშობდნენ.შავი სამოსის ნაცვლად ზოგს შემოდგომის ფოთლების მოსასხამი ჰქონდა შემოცმული, რომელიც მზემოკიდებულლალისფრად ანათებდა, ზოგს ფიფქების კაბები ეცვა მოფარფატე ფარშევანგის ბუმბულების ფოჩებით…

იმ დღიდან ქვეყანაში ყველამ იცის რომ სიტყვა «წკრილფერნარიანი» წკრიალა ფერს ნიშნავს, რომ ხავსი მარტო მწვანე კი არა, მწიფეატმისრბილობისფერიც შეიძლება იყოს, რომ თუ იდეისა და ხელის ნებას ვიხმართ ვიმოძრავებთ და თუ ვიმოძრავებთ, არასდროს დავიტბორებით, არასდროს გავქვავდებით, არასდროს მოვკვდებით. რომ თუ ვიმოძრავებთ, ახალი სამყაროები გაჩნდება, ფერებისგან, რომელიც დაგუბებულ სითხეში მიედინებიან ან აკორდებისგან, რომლებიც ფორმებად იქცევიან.
იმ დღიდან ქალაქს მოძრაობა არ შეუწყვეტია და ცისარტყელას 7 ფერის გარდა კიდევ 68 ახალი ფერი შეემატა. ჟოლოს წვენი ყოველი განთიადისას ირვრებოდა მოცვისფერ ჰაერში და მზე ყველა სევდამორეულს აფარებდა საკუთარ მზესასხამს. შავი მხოლოდ ღამის ცა იყო ქვეყანაში, რომელზეც ჭერმისფერი ვარსკვლავები იდგნენ დარაჯებად, რომ ღამის სიშავეს არარასოდეს შთაენთქა ფერების სიტკბოება; რომელიც შავადყოფილებს საკუთარ წარსულს ახსენებდა და იდეად უჩენდა ხელის ნება ემოძრავათ.

24.02.17

წამი.

Стандартный

-წამის საოცრებაზე თუ გიფიქრიათ, ძვირფასო ჰამლეტ?
-წამის საოცრებაზე?
-დიახ, იმაზე თუ გიფიქრიათ რომ არასდროს განმეორდება? რომ ვერასდროს ნახავთ, იგრძნობთ, იგემებთ, გაიგებთ იგივეს? აღარასდროს განმეორდება? თქვენ ჯერ კიდევ გახსოვთ, ალბათ, როგორ ისიამოვნეთ მაშინ, როცა გაშლილი ველები ნახეთ პირველად, ან ზღვის უსაზღვროება; როგორ გასინჯეთ პირველად საყვარელი კერძი, როგორ ჩაგილბათ პირში, როგორ მოგედოთ მთელ სხეულში; როგორ მოუსმინეთ თქვენს საყვარელ მელოდიას, ჩიტებს, ქარს, ზღვას, რამაც აღფრთოვანებაში მოგიყვანათ, გული აგიჩქარათ, სუნთქვა შეგიჩერათ წამით. თქვენ ალბათ ისიც კარგად გახსოვთ,საყვარელ ქალს როგორ შეეხეთ პირველად ტუჩებზე, როგორი იყო მისი კანის შეხება; თქვენი შვილი! რა თქმა უნდა, თქვენი შვილირომ აიყვანეთ პირველად ხელში, პირველად შეხედეთ, პირველად იგრძენით მისი სუნი… და ის გრძნობა, რაც მაშინ გქონდათ… ეს ყველაფერი წამებია და, წარმოიდგინეთ, როგორ გვეპარებიან ეს წამები წამებში თითებსშორის. ვერასდროს გავიხდით გრძნობებს მოგონებებად, ისე, რომ იგივე ვიგრძნოთ. ჩვენ მარტო ის გვახსოვს, როგორი იყო დაახლოებით ის. გვახსოვს, რომ საოცრება იზო, სასიამოვნო ან მტკივნეული,როგორი განწყობა შეგვიქმნა… მაგრამ თვითონ ის გრძნობა, პირველი გრძნობა, იმ წამმა წაგვართვა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა საოცრება იქნებოდა წამების მისაკუთრება რომ შეგვეძლოს?
-ალბათ შევიშლებოდით, მათეუს,არა? შენ ასე არ ფიქრობ?

შენ რომ არ ხარ ისე

Стандартный

დღეს აღარ იქნები ჩემთან,ვიცი,და ვიგრძენი ჩემი სიცოცხლე და არსება მარტო მე რომ ვეღარ მეკუთვნის. უშენოდ სადღაც გავიჭედე,რისი სახელიც ჯერ არ ვიცი,ან არაფერია ეს »სადღაც » და იმ ნახევარ სულში,მე რომ დამრჩა და სხეულსაც რომ მინახევრებს,გონებას მართმევს და გზას მიბნევს სიარულისას,პეპლების ნაცვლად მღრღნელი არსებები ჩასახლდნენ. შენი ტკივილი მტკივა,და ის უფრო,შენს გრძნობებს რომ არ ვუფრთხილდები, რომ ზედ ისე გაბიჯებ სულ ვერ ვამჩნევ,რომ მინდა ყველაზე ბედნიერი გაგხადო ამ ქვეყნად და რომ არ გამომდის. მტკივა და მაცოფებს. მღრღნელი არსებები კი აგრძელებენ ჩემი სულის ღრღნას და მე მინდა ვიყო მარტო,ალბათ,ევერესტზე ან სადმე სხვაგან,მაღლა, სადაც კივილს გავფანტავ,რომელიც ყელში მიგროვდება და მაქვავებს.
ბედნიერებას ფონად შენი სიცილის ხმა აქ და როცა თვალებს ვხუჭავ და შენზე ვფიქრობ,შენს ხელებს ვგრძნობ ჩემს მხრებზე ან ზურგზე, სიზმარში ვხედავ შენს ვარკვლავ-მწვანე თვალებს,რომ მეფერებიან და ჩემი ჩახუტება უნდათ,ან შუბლზე კოცნა. მერე შენი ტკივილი მაფხიზლებს და თითებში ძვლებს მიმსხვრებს ნელ-ნელა,რომლებსაც კანის ქვეშ ჩაყრილს ვგრძნობ.
შენი უღიმილო,იმედგაცრუებისფერი სახე,ტკივილიანი თვალები,ცივი ხელები ბინძური გამჭვირვალე მინის მეორე მხარეს,რომელიც ჩემი ხელით ჩავდგი ჩვენს შორის და ვეღარ ვანგრევ. კედლებსაც ვამჩნევ ახლა,ისეთივე ბინძურს,შავ ჭერს და მე-ჩაკეტილ კვადრატში,შენ-სიგარეტით ხელში მე რომ მოგეცი გუშინ,და შენს ზევით კვამლი შეურაცხყოფის,ეჭვის სუნით.
ერთადერთი სურვილით ყველა ტკივილს გავაქრობდი შენში სამუდამოდ,რომ ბედნიერება გეცინა,რომ შენს თვალებს ისევ ვარსკვლავები გაეჩინა ცაზე,ცაში ახედვისას,რომ შენს ხელებს და შენს ხმას ყოვეთვის შეძლებოდათ ისეთი სითბოს გაცემა,ქვასაც რომ გულად გააცოცხლებს და რომ ამდგარიყავი,წასულიყავი და კვამლი,შენს ზევით, შენს უკან დაგეტოვებინა. სიტყვების რახა-რუხი… შენი ბედნიერებაა ყველაფერი.
დღეს განსაკუთრებით აცივდა და ჩემივე ყინვა ჩემში ჩემივე კიდურებს მაშორებს…და აღარ მესმის ძვლების ჭახუნი თითებში,მაგრამ მაინც მტკივა,უფრო მეტადაც კი ბინძურ,გამჭვირვალე კვადრატში გაჭედილი აუსრულებელი სურვილის გამო,რომელსაც გარეთ ვერ ვუშვებ.

და მინდა გითხრა ყველაფერი ხარ ამ უნივერსუმში ჩემთვის. მე-შენს გარეშე ნახევარი სული უაზრობაში გაჭედილი.